საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ.ანკარა) რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს

6.12.2019 ქ. თბილისი- საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხოსე ლუის მარტინეს ჰერნანდესმა (რეზიდენციით ქ.ანკარა) რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს.
 
ცერემონიის შემდეგ გამართული ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და მექსიკას შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ასევე, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული გზები განიხილეს.
 
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მექსიკას შორის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზაობა ყველა ძირითადი მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა საქართველოსთვის მექსიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების პრიორიტეტულობას და მექსიკის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან მექსიკის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს მექსიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალზე და ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს კულტურისა და განათლების სფეროში მექსიკასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კონტაქტების მნიშვნელობას და  ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
 
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მექსიკის ელჩმა ხოსე ლუის მარტინეს ჰერნანდესმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მან, ასევე, საქმიანი შეხვედრები გამართა საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ლევან ხარატიშვილთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან.