საქართველოში ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

6.08.2018 ქ. თბილისი- საქართველოში ვიზიტის დაწყების აღსანიშნავად, პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ კაჩინსკის უმნიშვნელოვანეს როლს როგორც საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების  განვითარებაში, ასევე საქართველოს ევროპული და ეროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. საქართველოსადმი ერთგულების თვალსაჩინო გამოხატულებად შეფასდა პრეზიდენტ კაჩინსკის მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველი ხალხისადმი გამოხატული სოლიდარობა და საქართველოში ვიზიტი. „პრეზიდენტი კაჩინსკი იყო საქართველოს დიდი მეგობარი, რომელიც იმ მძიმე წუთებში იყო საქართველოს გვერდით, რაც არასდროს დაგვავიწყდება. იგი გახლდათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ერთ-ერთი ინიციატორი, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და პროგრესი და ყველა ის ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც დღეს საქართველოში იმყოფება გახლავთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე  თბილისს ეწვივნენ პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) , ლიეტუვის (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცე-პრემიერ მინისტრი, რაც მათი მხრიდან გახლავთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და მეგობრობის გამოხატულება.