საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის თემატიკას “ამბასადორიალი 2017“-ის სამუშაო სესია დაეთმო

19.07.2017 თბილისი - „ამბასადორიალი 2017“-ის ერთ-ერთი სამუშაო სესია საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის თემატიკას დაეთმო.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელძღვანელებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ. სამუშაო პანელს მოდერაციას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე. 

პანელზე განხილულ იქნა საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სპორტი, კულტურა და ა.შ, განათლების სისტემის რეფორმა, ქართული კულტურის წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში. 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემის რეფორმაზე, უცხოეთის ქვეყნებთან საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისა და მათი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ევროკავშირის პროგრამა „Horizon 2020“-ში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას. 

ლევან ხარატიშვილმა ქართველ დიპლომატებს პრეზენტაცია წარუდგინა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე. ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, იუნესკოსთან თანამშრომლობის საკითხებზე.  

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამები, რომელშიც საქართველოა ჩართული. რევაზ ჯაველიძემ ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში გამართვის შესაძლებლობებზე.