საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ხელოვნების ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

25.09.2017 თბილისი -საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით  დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში  შეიქმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი.

უწყებამ დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები რომლის შედეგადაც გამოვლინდა ის საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლებში  სასწავლო პროცესს და დიასპორული ანსამბლების მეშვეობით ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მათი საჭიროებების ეტაპობრივ  დაკმაყოფილებაზე, შედეგად 50-მდე ორგანიზაცია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და სახელმძღვანელოებით.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს დიასპორის და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

მისივე ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში დიასპორის წარმომადგენლების წინაშე არსებული პრობლემების შესწავლის, მათი ინტერესების განხორციელებისა და უფლებების დაცვის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, სამინისტრომ თხოვნით მიმართა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, წარედგინათ აღნიშნული საკითხების თაობაზე კონკრეტული ინფორმაციები და შესაბამისი რეკომენდაციები. მოწოდებული ინფორმაციები დამუშავდა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა.

მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფის და განახლების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მომზადდა საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემუშავებული კითხვარი და საინფორმაციო ბარათები სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა დიასპორული გაერთიანებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ 272 ქართული დიასპორული გაერთიანება მოქმედებს, მათ შორისაა საკვირაო სკოლები, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, სტუდენტური ორგანიზაციები, სპორტული გუნდები.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა ახალ ინიციატივაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, მუშაობს ინოვაციური ვებ-პორტალის შექმნაზე, რომლის მიზანს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთმანეთთან და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას წარმოადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება კონცეფციისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.