სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოშია

16.12.2018 ქ.თბილისი-ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი.სტუმარს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა დახვდა.

მინისტრის მოადგილემ სერბ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ხაზი გაუსვა სერბეთთან თანამშრომლობის გააქტიურებულ დინამიკას, განსაკუთრებით ბოლო წლების განმალობაში. 

მაია გოიკოვიჩი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ სერბეთთან თანამშრომლობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურებულია, რასაც ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე უკვე იმყოფებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.

„ღია მმართველობის ინიციატივის“ ფორუმის  ფარგლებში საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის პრემიერ-მინისტრი.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს სერბეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ​