სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა. 

აეროპორტში, კორეელი ტურისტების დახვედრის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ. მათ კორეელ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საბაჟო კონტროლის გავლისას სიმბოლური ღვინის ბოთლები გადასცეს.

„საქართველო და კორეის რესპუბლიკა წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. აღნიშნული რეისების განხორციელება გაზრდის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ დახვედრის ცერემონიის შემდეგ.

კორეა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები 24 და 31 მაისს განხორციელდება და ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ბიზნეს წრეების დაახლოებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.