შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

06. 04.2017, თბილისი - 2017 წლის 6-7 აპრილს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით სტუმრობდნენ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი ანა კარინ ენსტრომი და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე ტიმო კანტოლა.
 
6 აპრილს მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებთან  ვახტანგ მახარობლიშვილთან და დავით დონდუასთან.
 
ვახტანგ მახარობლიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს,  ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო პერსპექტივებს.
 
ანა კარინ ენსტრომმა აღნიშნა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად  შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
 
შვედეთის და ფინეთის პოლიტიკურმა დირექტორებმა, ქართულ მხარეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ეს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და ქართველი ხალხის მტკიცე ძალისხმევის შედეგია.
 
ხაზი გაესვა, ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და გამოითქვა მომავალშიც აქტიური ურთიერთობების მზაობა.
 
განხილულ იქნა საქართველო-ფინეთის და საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამასთან, აღინიშნა, რომ 2017 წელს საქართველო-შვედეთსა და საქართველო-ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავია.
 
დავით დონდუასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკას, კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მიმდინარეობას, ხაზი გაესვა ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს და შეშფოთება გამოითქვა სოფლებში  ოტობაია და ნაბაკევი  ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გაუქმების გამო. აღინიშნა ის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგები, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვება.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე და აღნიშნეს NB8-ის პარლამენტის სპიკერების წარმატებული ვიზიტი საქართველოში.
 
ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკურმა დირექტორებმა შეხვედრები გამართეს ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან არჩილ ყარულაშვილთან, მოინახულეს JTEC-ისა და EUMM-ის ოფისები და შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.