შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

31.05.2019 შვედეთი-სტოკჰოლმის ისტორიის მუზეუმში, ბაროკოს დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
 
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ელჩმა ხაზი გაუსვა შვედურ მხარესთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულმა შვედეთში, სტოკჰოლმის თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტმა, მარიამ ორჯონიკიძემ ღონისძიებაზე წარადგინა ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ფოტოგამოფნა ”sHEROes”, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება და რომლის მთავარი გმირები ომგამოვლილი ქალები არიან.
 
საზეიმო მიღებაზე საქართველოს და შვედეთის ჰიმნები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს გუნდმა თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქართველი პოეტი, საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის ხელისუფლების, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიარაღებული ძალების, საინვესტიციო სააგენტოების და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, კულტურული მოღვაწეები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.