შვედმა მეცნიერმა თბილისის მულტიეთნიკური გასტრონომიული ტრადიციების შესახებ წიგნი გამოსცა

29 ნოემბერს საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საქართველოს საელჩოში გაიმართა შვედი მეცნიერის, ულრიკა სოდერლინდის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების კულინარიულ ტრადიციებს ეძღვნება - ”Religion and Diet in a Multi-Religious City Tbilisi in every day life and on feats days”.

წიგნი ეფუძნება ულრიკა სოდერლინდის მიერ თბილისში განხორციელებულ კვლევას, რაც ითვალისწინებდა თბილისში ისტორიულად მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ წრეებში დამკვიდრებულ ტრადიციებისა და წეს ჩვეულებების, მათ შორის  გასტრონომიული ტრადიციების ანალიზს.

საქართველოს ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას. თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა წიგნის ავტორმა ულრიკა სოდერლინდმა, საქართველოსთან დაკავშირებული საინტერესო გამოცდილება ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარეს შვედური გამომცემლობა ”Universus Academic Press”-ის ხელმძღვანელმა კრისტერ ესელმა, შვედეთის რადიოს კორესპონდეტნმა და შვედეთის გასტრონომიული აკადემიის წევრმა კაშტენ თურფელმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა  საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე სვენ ჰოლმსტრომმი. პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ წიგნში აღწერილი ქართული კერძები და ღვინო.