შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

27.11.2017 ქ. თბილისი- შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ელჩი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს საქართველოში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლუკას ბეგლინგერს ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ამას გარდა, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ამ ქვეყნის, როგორც მედიატორის ფუნქცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის პროცესში.  

ამასთან, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროებში, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არსებული  პარტნიორობის გაღრმავებას.