შვეიცარიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კრისტა მარკვალდერი- საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა თვით შვეიცარიისთვისაც

18.03.2019 შვეიცარია- საქართველოს საელჩოს და შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის  100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შვეიცარიის პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.


ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა.


დავით ჯალაღანიამ შვეიცარიელ სტუმრებს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის  უმნიშვნელოვანესი ასპექტები გააცნო. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს პირველ, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტში წარმოდგენილი იყო 5 ქალი-დეპუტატი და საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი. ასევე აღინიშნა, რომ ამ პარლამენტის მიერ მომზადდა და მიღებულ იქნა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო სამართლებრივ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს.


საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა აღნიშნა, რომ საქართველო მისთვის არის ქვეყანა, რომლის ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა თვით შვეიცარიისთვისაც. ქართული პარლამენტარიზმის ისტორია აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ პირველი ქართული რესპუბლიკა იყო ევროპული ტიპის სახელმწიფო და შესაბამისად, მისი სამართალმემკვიდრის, დღევანდელი საქართველოს მისწრაფება ევროპულ ფესვებთან დაბრუნების მიმართულებით, სრულიად ბუნებრივია, რაც თავისთავად პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს.


შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, მარინა კარობიო გუჯეტიმ ქართველ ხალხს მიულოცა ქართული პარლამენტარიზმის უმნიშვნელოვანესი თარიღი.


მიღებას ესწრებოდნენ შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, მარინა კარობიო გუჯეტი Marina Carobbio Guscetti, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ფილიპო ლომბარდი და კრისტა მარკვალდერი, დეპუტატი კატი რიკლინი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ელჩი კლაუდიო ფიშერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მდივანი, ალა რამილოვა, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონული კოორდინატორი კრისტინე ჰონეგერი და ვიცე რეგიონული კოორდინატორი ადრიან კეგი.