სინგაპურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

9.06.2017 - სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულისა და სინგაპურში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სინგაპურის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი სახელმწიფო მინისტრი (მინისტრის მოადგილე) მოჰამად მალიკი ბინ ოსმანი. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკის შესახებ სხვადასხვა სფეროში და ხაზი გაუსვა 2018 წელს სინგაპურ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის მნიშვნელობას. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა ინდონეზიის რესპუბლიკაში, სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ, რომელმაც მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა სინგაპურში ახლადდანიშნული საქართველოს საპატიო კონსულის როლი და მისი საქმიანობის მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული კულტურის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სუვენირები, ტურისტული ბროშურები და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენ და  საქართველოს შესახებ ტურისტული სარეკლამო რგოლები.  

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. საღამოს დასასრულს, საქართველოს საპატიო კონსულის სახელით სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ქართული ღვინის ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სინგაპურის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სინგაპურში ქართული დიასპორა.

სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულის პიტერ ტან შუის ინიციატივით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ბიზნეს სემინარი, რომელსაც  ესწრებოდნენ მსხვილი სინგაპურული საინვესტიციო და საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები. სემინარის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა მასალა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის შესახებ, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და სფეროები. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, შედგა შეხვედრა სინგაპურში მცხოვრებ ქართველებთან, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სათვისტომოს აქტიური ჩართვა სინგაპურიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.