სლოვენიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

28.05.2019 ლიუბლიანა - სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა. ლიუბლიანას მუზეუმში (City Museum), 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

მათ შორის: სლოვენიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) პრეზიდენტი, ალოიზ კოვშცა; სლოვენიის სოფლის მეურნეობის, ტყის და სურსათის მინისტრი, ალექსანდრა პივეცი; ლიუბლიანაში აკრედიტებული თითქმის ყველა ელჩი, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, რუმინეთის, ევროკომისიის, ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, საბერძნეთის, სერბეთის, ბრაზილიის ელჩები, აშშ საქმეთა დროებითი რწმუნებული; პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები; სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, კულტურის, ხელოვნების, მედიის, ბიზნესის, მეღვინეობის ცნობილი წარმომადგენლები (მათ შორის, ე.წ. „სლოვენიის ღვინის დედოფალი“); ლიუბლიანაში არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „კვალი“; სლოვენიური დოკუმენტური ფილმის „Call It Amber Wine“ შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც საქართველოზე იღებს დოკუმენტურ ფილმს; სლოვენიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები.

მიღებაზე ცოცხალი შესრულებით საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის ჰიმნები წარმოადგინა ლიუბლიანაში არსებულმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „კვალი“, რომლმაც ღონისძიებაზე ასევე შეასრულა რამდენიმე ქართული ფოლკლორული სიმღერა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მიღების ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა თემაზე: „9 აპრილიდან ევროკავშირთან ასოცირებამდე და ვიზა-ლიბერალიზაციამდე: საქართველოს 30-წლიანი გზა დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ“, რომელიც მიეძღვნა 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავს.

მიღებაზე ნაჩვენები იქნა შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ვიდეო-რგოლები: “Georgian Honey Promotion”, „Discover Georgia“, „Winter in Georgia“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია; საზეიმო ღონისძიებას იღებდა სლოვენიური დოკუმენტური ფილმის „Call It Amber Wine“ შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ამასწინათ იმყოფებოდა საქართველოში საქართველოსა და ქართული ქვევრის ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების მიზნით.