სტოკჰოლმში 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5.09.2018 შვედეთი - რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,  სტოკჰოლმში საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის მორიგი შეკრება გაიმართა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  მალხაზ კაკაბაძემ.  საქართველოს ელჩმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მალხაზ კაკაბაძემ აღნიშნა, რომ  2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.
მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართეს საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა მარტინა ქვიკმა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, ელჩმა ანა ვესტერჰოლმმა. შვედმა დიპლომატებმა ყურადღება გაამახვილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
 
შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა თამარ გიორგაძის ვიდეორგოლის „მცოცავი საზღვრები“ ჩვენება.