სტრასბურგში ღონისძიება - „გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაცია და 25 წელი 1992-1993 წლების ომის შემდეგ“გაიმართა

1.10.2018 ქ. სტრასბურგი-  ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაცია და 25 წელი 1992-1993 წლების ომის შემდეგ“.
 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  მიმართა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ომით დაშორებული საზოგადოებების შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ირაკლი გივიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევითა და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის საკითხები.


ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საექსპოზიციო, ფოტო და ბეჭდური დოკუმენტალური მასალის გამოფენა და აგრეთვე, რამდენიმე თემატური წიგნის პრეზენტაცია, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი, პროფესორი ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი მანანა ქვაჩახია, ასევე ქართული დიასპორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.