სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების შეხვედრა

 1.10.2018 მოლდოვა - ქ. კიშინეუში, მოლდოვას რესპუბლიკის თავმჯდომარეობით გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა )  საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების  რიგით  მე-4 შეხვედრა.   

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მიგრაციის ეროვნული პოლიტიკა, მისი სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობები. აღინიშნა მესამე ქვეყნებში  მხარეების მხრიდან  სამართლებრივი დახმარების გაწევის მნიშვნელობა მიგრაციის პროცესში; ასევე, წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებთან და  ინოვაციებთან  დაკავშირებით.

საქართველოს ინიციატივით, მხარეებმა საჭიროდ მიიჩნიეს  გარკვეული დამატებებისა და ცვლილებების შემუშავება სუამ-ის 2001 წლის 7 ივნისის  კონვენციაში, რათა უფრო მეტად გახდეს  შესაძლებელი  ურთიერთდახმარება საკონსულო საკითხებში. შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროების  საკონსულო დეპარტამენტებში საკონტაქტო პირების დანიშვნის შესახებ.

მხარეებმა დაადასტურეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგიტიმური სტრუქტურების მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარება და გაცვალეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა-გასვლის წესებთან, განიხილეს  საკანონმდებლო ნორმები ამ ტერიტორიებზე გაცემულ სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებით.

სუამ-ის წევრი ქვეყნების მიერ მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა საქართველოს ინიციატივა შემუშავდეს ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შესაძლებელს გახდის სუამ-ის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის ურთიერთმგზავრობას ID ბარათების საფუძველზე.  

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე.
შეხვედრაში მონაწილეობდა სუამ-ის სამდივნოს პროგრამების კოორდინატორი, თეიმურაზ  კილაძე.

მხარეები შეთანხმდნენ სულ მცირე  წელიწადში  ერთხელ გამართონ შეხვედრები.