სუამ-ის გენერალური მდივნთან საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამის - „ერთად ძლიერი სუამ-ისთვის“ პრიორიტეტები განიხილეს

14.02.2017 თბილისი - 2017 წელს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, 13-14 თებერვალს, ქართული მხარის მოწვევით, გაიმართა სუამ-ის გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის სამუშაო ვიზიტი თბილისში.
 
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სუამის გენერალური მდივანი შეხვდა  საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, ხოლო 13 თებერვალს გაიმართა კონსულტაციები სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან.
 
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხები, 2017 წელს სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამის - „ერთად ძლიერი სუამ-ისთვის“ პრიორიტეტები და სუამ-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები.
 
ქართულმა მხარემ დაადასტურა სრული მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური ძალისხმევა სუამ-ის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისა და საერთაშორისო არენაზე ორგანიზაციის იმიჯის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ამასთან, ხელი შეუწყოს სუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერებას, დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და სუამ+ ფორმატებში პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ; იაპონია; ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები) თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას.
 
ხაზი გაესვა მ/წლის 27 მარტს კიევში დაგეგმილი სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების შეხვედრისა და სუამ-ის ბიზნეს ფორუმის გამართვის მნიშვნელობას, რომელიც ახალ იმპულსს შეძენს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში.
 
14 თებერვალს, სუამ-ის გენერალური მდივანი ასევე შეხვდა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს. შეხვედრისას ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ხელი შეუწყოს აქტიური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ასევე სხვა საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან.
 
სუამი-ის გენერალური მდივნის თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან თედო ჯაფარიძესთან და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან.