ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ორმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდის გამართვის მიზნით, სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს

4.04.2019 ქ. თბილისი-  ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ორმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდის გამართვის მიზნით, სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს.
 
ტაილანდის დელეგაციის ვიზიტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საქართველოსთან  ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის  სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.
 
კონსულტაციებს  საქართველოს დელეგაციის მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე, ტაილანდის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორი სასივატ ვონგსინსავატი. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს და ტაილანდის სამეფოს შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები - ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები.
 
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობას. ტაილანდის მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ტაილანდის სამეფოში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ტაილანდის  დელეგაცია ეწვია სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“.  შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა.  
 
ვიზიტის მეორე დღეს ტაილანდის დელეგაციას უმასპინძლა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ლევან დავითაშვილმა გაამახვილა ყურადღება მსოფლიოში  ქართული ღვინის კულტურის ცნობადობისა მნიშვნელობასა და საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე. საუბარი, ასევე შეეხო, დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების „ღვინის ეროვნული სააგენტოს“  საქმიანობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალის არსებობას. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ტყის მდგრადი მართვისა და რძის პროდუქციის  წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.
 
ტაილანდის მხარემ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. სასივატ ვონგსინსავატის განცხადებით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს  ერთობლივი პროექტების შემუშავებას. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს  ურთიერთობების განვითარებას როგორც მოკლე ვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.