ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს

26.09.2018 ნიუ-იორკი - ტაილანდის სამეფოსა  და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. დოკუმენტს ხელი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. დოკუმენტის ხელმოწერის შემდგომ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა.
მინისტრის მოადგილეებმა  განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მიესალმნენ შეთანხმების ხელმოწერას, რაც კარგ საფუძველს ქმნის საქართველოსა და ტაილანდის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისთვის. მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება განავითარონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ხელი შუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, ტურიზმის განვითარებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გაუმჯობესებას. გამოიხატა დაინტერესება ორმხრივი ბიზნეს-ფორუმების ორგანიზების და ასევე ტაილანდის თანამშრომლობის სააგენტოსთან (TICA) თანამშრომლობის განვითარების.

 

კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული თანამშრომლობა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ომხრივი ვიზიტების განხორციელებისთვის. ვახტანგ მახარობლიშვილმა ტაილანდელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყენაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების, საქართველოს რეგიონალური როლისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.