ტალინში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

20.09.2018 ქ.ტალინი-ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი“ (ICDS)-ის ორგანიზებით  გაიმართა მაღალი დონის სემინარი - „10 years from the August war – what have we learned?
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა. საქართელოს ელჩმა 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.
 
ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ომით დაშორებული საზოგადოებების შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა  ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მომხსენებლებად ასევე  წარსდგნენ: ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.