ტარტუში გამოფენა-"50 ქალი საქართველოდან" გაიხსნა

6.03.2019 ესტონეთი-ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ფოტო-გამოფენის „50 ქალი საქართველოდანგახსნის ღონისძიება.

 

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტარტუს უნივერსიტეტის რექტორმა, ტოომას ასსერმა

ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ერთი საუკუნის წინ საქართველოში - ევროპულ ფასეულობებზე დამყარებულ სახელმწიფოში, მიმდინარე პროგრესულ პროცესებში ქალების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა, ისევე როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილეს მნიშვნელობის ხაზგასმა, რომელიც 2019 წლის 12 მარტს აღინიშნება.

 

თეა ახვლედიანმა, დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა გამოფენის მნიშვნელობა და ისაუბრა მასში ასახული, საქართველოს 50 გამოჩენილი ქალის როლსა და გავლენაზე მე-19 - მე-20 საუკუნის ქართული საზოგადოების განვითარების საკითხში. ელჩმა ყურადღება გაამახვილა  საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოდან განსაკუთრებული ძალისხმევით განვითარებულ ეროვნულ პროცესებზე, რომლებიც მიმართული იყო დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულების, ადამიანის უფლებათა დაცვის, ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობისკენ, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს

 

ბატონი ასსერმა მოკლედ მიმოიხილა ქართულ-ესტონური მეგობრული ურთიერთობები, მათ შორის აღნიშნა ორი ქვეყნის აკადემიური ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობა. მან ასევე ისაუბრა ქალების მნიშვნელოვან როლზე საზოგადოების ფორმირების კუთხით და კმაყოფილება გამოთქვა ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ . ტარტუს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ტარტუში მდებარე სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების და აკადემიური ინსტიტუტების, ასევე, კულტურის წრეების წარმომადგენლები და ტარტუს უნივერსიტეტის, მათ შორის, ქართველი სტუდენტები

 

ამასთან, გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ტარტუს უნივერსტიტეტის რექტორთან, სადაც ხაზი გაესვა უნივერსიტეტთან საელჩოს, ისევე როგორც საქართველოს შესაბამისი უნივერსიტეტების აქტიურ თანამშრომლობას და მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

 

გამოფენა ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მარტის ბოლომდე დარჩება.