ტაშკენტში ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელთან დაკავშირებით პირველი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

13.09.2019 უზბეკეთი- ქ. ტაშკენტში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.
 
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, უზბეკეთის ბიზნესისა და კულტურის წრეების წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი კულტურის მოღვაწეები წარსდგნენ. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ანსამბლმა "შვიდკაცამ" და დათო გომართელმა.
 
საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ კამილოვმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილმა.
 
„მე მაქვს ჩემი სენტიმენტები ამ ქალაქის და ამ ქვეყნის მიმართ, ჩემთვის უზბეკეთის განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც მე არაერთი დაუვიწყარი წელი გავატარე საქართველოს ელჩის რანგში. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის დადებითი ძვრები, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვაკვირდებით და ის დინამიკა, რომლითაც ჩვენი მეგობარი უზბეკეთი ვითარდება. შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ პოზიტიურ გარდაქმნებს, რაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდა და სასიამოვნოა, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში საკუთარი წვლილი შეაქვს.
ჩვენს ქვეყნებს უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციების მიმართ ერთგულება აკავშირებთ.
 
აბრეშუმის გზა საქართველოს გავლით აკავშირებდა ცენტრალურ აზიას ბიზანტიის იმპერიასთან, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გვიყვება ქართველების და შუა აზიელების ურთიერთობებზე, ალიშერ ნავოის უკვდავი ნაწარმოებები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში თარგმნა ქართველმა მწერალმა, ნოდარ ციციშვილმა.
 
გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა, გიგო გაბაშვილმა მე-19 საუკუნეში იმოგზაურა ბუხარასა და სამარყანდში და თავისი ტილოებით გადმოგვცა ის შეუდარებელი სილამაზე და კულტურული სიმდიდრე, რასაც წარმოადგენს ეს მართლაც ფასდაუდებელი მსოფლიო საგანძური.
 
საქართველოში, ისევე როგორც უზბეკეთში სპორტის და განსაკუთრებით ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი მნიშვნელოვანი საფეხბურთო გამარჯვება სწორედ ტაშკენტს უკავშირდება - 55 წლის წინ თბილისის დინამომ აქ მოიპოვა ჩემპიონობა. სასიამოვნო და ნიშანდობლივია, რომ „პახტაკორია“-ს სტადიონზე შეკრებილი ათეულ ათასობით ადამიანის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ქართულ გუნდს გულშემატკივრობდა“ - განაცხადა საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა.
 
უზბეკეთის საგარეო საქემთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა უზბეკი ხალხის მხრიდან საქართველოს გამორჩეული სიყვარული და უზბეკეთის მთავრობის მზაობა და დაინტერესება განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან. „საქართველო უნიკალურია თავისი გეოგრაფიით. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ გამოვიყენოთ საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა - პორტები, რკინიგზა, რათა უზბეკეთიდან მოვახდინოთ ჩვენი საქონლის ექსპორტი შავი ზღვის მეშვეობით დანარჩენ მსოფლიოში“- განაცხადა აბდულაზიზ კამილოვმა.

უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა უზბეკი და ქართველი ხალხის ისტორიულ მეგობრობაზე. მან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა უზბეკ არქიტექტორებს, რომლებმაც მოახდინეს თბილისის აბანოების რესტავრაცია, და ასევე ქვევრი უსახსოვრა ტაშკენტის ცნობილ იაპონურ ბაღს, მან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელები არჩილ და შოთა არველაძეები, რომელიც უზბეკეთის ეროვნული ნაკრების „პახტაკორის" მთავარი მწვრთნელია
 
ღონისძიებას ასევე მიესალმნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს პირველი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში გივი აბდუშელიშვილი.