თბილისი-ბრისტოლის მეგობრობის 30-ე წლისთავი ორივე ქალაქში განსაკუთრებული ღონისძიებებით აღინიშნება

13.04.2017  თბილისი- საქართველოს ეწვია ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე დერეკ პიკაპი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესწრეების   წარმომადგენლებთან.
 
2017 წლის 12 აპრილს დერეკ პიკაპთან შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა ფალიანმა და საერთაშორისო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნოშრევან ლომთათიძემ სტუმარს გააცნეს საქართველოში  არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ძირითადი ასპექტები; განხილულ იქნა ქალაქებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების პერსპექტივები.
 
მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ბრისტოლსა და თბილისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით და განიხილეს სამომავლო გეგმები.  2018 წელს იგეგმება თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნა ორივე ქვეყანაში. იუბილეს აღსანიშნავად თბილისში ჩატარდება ბიზნეს ფორუმიც.
 
1988 წელს გაფორმებული დაძმობილების ხელშეკრულება ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგებში თანამშრომლობას და საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, ორი ქალაქის მერიებისა და ასოციაციების თაოსნობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა კულტურის, განათლების, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.