თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა ანსამბლმა „სულიკომ“ ლიტვის ეროვნულ ფილარმონიაში კონცერტი გამართა

2.05.2018 ლიტვა -  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა ანსამბლმასულიკო, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის ეროვნულ ფილარმონიაში კონცერტი გამართა.

კონცერტზე შესრულდა საოპერო, მრავალხმიანი, ქართული ხალხური პოლიფონია და ქალაქური ფოლკლორი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვის კულტურის მინისტრი ლიანა რუოკიტე-ჯონსონი, პარლამენტის (სეიმის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი მწვანეთა და ფერმერთა პარტიის ლიდერი რამუნას კარბაუსკისი, ლიტვის ხელისუფლების, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეებისა და მედიის წარმომადგენლები,  ქართული დიასპორის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ. გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ თანამშრომლობასა და გამორჩეულად მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე  აქცენტი გააკეთა კულტურის სფეროში მჭიდრო ურთიერთკავშირებზე, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნისა და ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას. 

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა, მან ხაზი გაუსვა ქართული ანსამბლის "სულიკოს" უნიკალურ ვოკალურ და მუსიკალურ შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ კონცერტმა „გააერთიანა ორი სახელმწიფოს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასი წლისთავის სადღესასწაულო თარიღები.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები ლიტვის რესპუბლიკაში "სულიკოს" კონცერტით დაიწყო.