თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

6.08.2018 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ მძიმე თარიღის აღსანიშნავად მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენელთა სტუმრობა მნიშვნელოვანი მხარდჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა.

„ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი მეგობრები, დასავლელი პარტნიორები ჩვენთან ერთად არიან. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და სოლიდარობის დემონსტრირება საქართველოს მიმართ. ასევე, ეს არის იმ სერიოზული კონსოლიდაციის დემონსტრირება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა საერთაშორისო ფორმატში ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.10 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები და მკვლელობის ფაქტები, რაზეც აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყოს მკვეთრი რეაგირება. 
სწორედ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, იმ ფორმატებშიც კი, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ არის, ხშირად ვახერხებთ, რომ საქართველოს თემატიკა პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინ იყოს. მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატი. მოგეხსენებათ, რომ იქ მუდმივად იბლოკება საქართველოს საკითხი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატში, როგორიცაა გაერო-ს უშიშროების საბჭო, ეუთო, ევროპის საბჭო, მუდმივად იყოს საუბარი საქართველოზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე  თბილისს პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) , ლიეტუვის (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცე-პრემიერ მინისტრი ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.
 
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.