თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2020 წლის 21-22 იანვარს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვევა. აღნიშნული ორმხრივი ვიზიტი ხორციელდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ (2009 წლის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმე ვერჰაგენი).

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.  ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი დინამიკის გაგრძელებას, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტმა ნიდერლანდების სამეფოში. შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი,  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მინისტრების განცხადება პრესისთვის.

ოფიციალური  ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი  ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანმხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

სტეფ ბლოკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.