თბილისში ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა

9.11.2017 თბილისი - თბილისში, ევროპის მოედანზე, ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ფრაგმენტის დადგმის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა.

​ლადო ჭანტურიამ საკუთარ გამოსვლაში საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბერლინის კედლის ფრაგმენტის თბილისში დადგმის  მნიშვნელობას.
 
„ბერლინის კედელი იყო სიმბოლო უსამართლობის, აგრესიის, ქალაქის გახლეჩის, დაპირისპირების, ცივი ომის. ხოლო ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბერლინის კედელი დაეცა, ის გადაიქცა თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, საქართველოს გერმანელმა მეგობრებმა ბერლინის კედლის ფრაგმენტი გადასცეს მას საჩუქრად, ნიშნად იმისა, რომ ყველა ძალადობრივად და უსამართლოდ აღმართული კედელი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში რამდენიმე გვაქვს, დაინგრევა. ამიტომ, ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში ამ კედლის გადმოცემის ცერემონია ძალიან მნიშნველოვანია, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართულ გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „- აღნიშნა საქართველოს ელჩმა გერმანიაში.

გიორგი კვირიკაშვილმა გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ 2017 წელი გერმანია-საქართველოს წელია და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ჰყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
 
​გერმანიის ელჩმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ კედელი იქნება სიმბოლო იმისა, რომ ერთ დღეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან ეს ფრაგმენტი აჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელზეც შესრულდა ცნობილი კომპოზიციები, რომლებიც ბერლინის კედელს მიეძღვნა ან ბერლინის კედლის ფონზე სრულდებოდა.

საღამოს დაესწრნენ თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია და ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, ასევე საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები.
 
კ​ედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საჩუქრად გადაეცა როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო. ასევე აღსანიშნავია, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის თბილისში დადგმა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს ემთხვევა.