თბილისში საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს

12.12.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICMPD ხელშეწყობით, ქ.თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრა  მიმდინარეობს.
 
ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მომსახურების საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს იმ  ახალ სერვისებზე, რომლის დანერგვაც ახლო მომავალში იგეგმება.
 
შეფასდა 2018 წლის შედეგები საკონსულო საქმიანობის ყველა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოფნის დროს აწყდებიან. დაისახა სამომავლო გეგმები საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
 
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა მიმდინარე წელს დამტკიცებული "საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი"-ს განხილვა და მონაწილეებისათვის კრიზისის მართვისა და მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციაში მოხვედრილი საქართველოს  მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურ დაცვას. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ.
 
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო თანამდებობის პირთა როლზე და ამ მიმართულებით პრობლემის აღმოფხვრის მეთოდებზე.
 
ასევე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები,მოქალაქეთა საკონსულო დაცვის,  მათი ელექტრონული ონლაინ მომსახურების  მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები და სხვა საკონსულო ხასიათის პრობლემატიკა.