თბილისში საქართველოს და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 31 ივლისს ქ. თბილისში, საქართველოს და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მე-11 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი უძღვებოდა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწე, ევროპის საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილე, სპეციალური წარმომადგენელი კავკასიის და გუამ-ის საკითხებში, ელჩი ჰიდეკი უიამა.

კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს და იაპონიას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტებს. მხარეებმა უაღრესად დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. დადებითად შეფასდა ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხებს.

საქართველოს მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ იაპონიის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ.