თეა ახვლედიანმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა

23.05.2019 ესტონეთი- ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან. ელჩმა იური რატასს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, თეა ახვლედიანმა იური რატასს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები; ამასთან, მან  განიხილა ქართულ-ესტონური ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლო გზები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით დასახულ ამოცანებზე მსჯელობასთან ერთად, საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 
ესტონეთის პრემიერ მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ესტონეთის პრემიერ მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. იური რატასმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.
 
თეა ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ასევე გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას რეინსალუსთან. ელჩმა მადლობა გადაუხადა ურმას რეინსალუს, როგორც გასულ წლებში იუსტიციის მინისტრის რანგში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის დღიდან, მის მიერ გაწეული პირადი ძალისხმევისთვის საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საკითხში. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეა ახვლედიანს მადლობა გადაუხადა, მისი ელჩობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის.