თეა მაისურაძემ საჯარო დისკუსიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

28.02.2019 ლატვია -  ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საელჩოების ორგანიზებით, რიგის სამართლის უმაღლეს სკოლაში (RGSL) გაიმართა საჯარო დისკუსია - Current state of the conflict settlement in Georgia, Moldova and Ukraine: Security, Political and Human Rights Implications of the illegal Russian Military presence“.

 

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა  ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი -  თეა მაისურაძე. ელჩმა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა  და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.  თეა მაისურაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე.

 

დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს  მოლდოვას ელჩმა - ევგენი რევენკომ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა - ალისა პოდოლიაკმა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დიერქტორატის გენერალურმა დირექტორმა - ილგარს კლავამ.

 

დისკუსიას ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებების, საეიმას, რიგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.