ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“. ფილმის ჩვენება კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა. 

საღამო სქარბოროუს ფესტივალის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პეტროვმა და მენეჯერმა კარტერ ბრუსმა გახსნეს. კინოთეატრში Fox შეკრებილ მაყურებელს კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ, მის ისტორიასა და დღევანდელობაზე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ის მძიმე პირობები, რომელშიც იქ დარჩენილი მოსახლეობა იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩომ კინოთეატრის შენობაში გამართა  ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

ტორონტოში მცხოვრები კანადელი და ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარმა ანსამბლმა „დარბაზი“ შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები. ფესტივალის სტუმრებს საელჩო ტრადიციული ქართული კერძებითა და მინერალური წყლით გაუმასპინძლდა. 
​