ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი

19 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო სპეციალური კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“.
 
კურსი ოფიციალურად გახსნეს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა და ელჩმა მიხეილ უკლებამ.
 
3 დღიანი კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ორმხრივი ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან და სამართლებრივი და საკონსულო საკითხები.
 
სასწავლო კურსი, რომელსაც წაიკითხავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები განკუთვნილია ტურისტული გიდებისთვისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კურსი გაიმართება ქუთაისშიც, 22-24 აპრილს.