თურქეთის რესპუბლიკაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა გაიმართა

9.04.19  თურქეთი - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, . ანკარაში გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 30- წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა. ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, თუმცა, ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი, რომლის შემდეგაც გაიმართა მიღება. ღონისძიებას დაესწრნენ ქართული დიასპორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში მოსწავლე ქართველი იუნკერები.

მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.