თურქეთში ქართველი დიპლომატები ქ. ინეგოლს ეწვივნენ

25.03.2019 თურქეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე . ინეგოლს ეწვივნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დიპლომატებმა “ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი კურსისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცეს.
 
ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში  დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას გააჩნია  საზღვარგარეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა  საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.
 
ქ.ინეგოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის მოდერნიზებული შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელობას და  შემდგომი წარმატებები უსურვა მათ ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პატლამენტის წევრი და თურქეთის პატლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან.