თურქეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა. 

მიღების ფარგლებში საელჩოს ინიციატივით მოეწყო საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო 80-მდე ფოტოსურათი, რომელიც ასახავდა 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. მიღებაზე ქ. სტამბოლის ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „კავკასიის მთა“ შეასრულა ორივე ქვეყნის ეროვნილი ჰიმნები. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  საელჩოს ორგანიზებით, პირველად ანკარაში თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების (TOBB) ე. წ. „ანკარის ტყუპი ცათამბჯენი“ განათდა საქართველოს დროშის ფერებში.

სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ თურქეთის პარლამენტის დეპუტატები, თურქეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისრაფილ ქიშლა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უმით იარდიმი, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციები და ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები.