თურქეთში საქართველოს ელჩი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

8.04.2019 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსთან და მსოფლიო პატრიარქთან, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I-თან.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომლობას, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მშვიდობისა და ერთობის დაცვის მნიშვნელობას.  ამასთან, მსოფლიო პატრიარქმა განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობა და უსურვა მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
 
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის, საქართველოს მიმართ გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საკითხში. 
 
მხარეებმა  გამოთქვეს მზადყოფნა  თანამშრომლობის  შემდგომი გაღრმავებისთვის.