თურქეთში საქართველოს ელჩი ქ. დუზჯეში უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

12.11.2019 თურქეთი - ქ.დუზჯეში სამუშაო მივლინების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან, ნიგარ დემირჯან ჩაქართან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მხარდაჭერისათვის, რომელიც 2013 წელს გაიხსნა. ასევე აღინიშნა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორების (მაკა სალია, შორენა ლომაია, ნანა კაჭარავა, მარინა სულხანიშვილი, ფევზი ჩელები) ღვაწლი, რომლებიც წარმატებით უძღვებიან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
 
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ელჩი გაესაუბრა პროფესორებსა და სტუდენტებს და იქვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოები გადასცა. ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სტუდენტები საქართველოს ელჩის წინაშე წარსდგნენ ქართველი პოეტების ლექსებით. შემდეგ მათ იმღერეს "სულიკო" და საქართველოს ჰიმნი.
 
მივლინების დასასრულს, საქართველოს ელჩი დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციას ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან და წევრებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ძირითადი ასპექტები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში. ელჩმა გამოხატა მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და ჩაერთოს ორმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. ამასთან, შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მსგავსი შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, როგორც საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებთან.