თურქეთში საქართველოს ელჩი ქ. ინეგოლში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

27.11.2018 თურქეთი -  ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ვიზიტით  ქ. ინეგოლს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.
 
 ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა დაესწრო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, ფონდის „ქართული გალობა“ და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ წიგნის პრეზენტაციას, სახელწოდებით - „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“. აღნიშნული პრეზენტაცია მიეძღვნა პიტერ გოლდის მიერ 1968 წელს, ქართული ხალხური კულტურის შესწავლის მიზნით სოფელ ჰაირიეში ჩატარებული ექსპედიციის 50-ე წლისთავს.
 
ღონისძიებაზე გიორგი ჯანჯღავამ მისასალმებელი  სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. საქართველოს ელჩმა   ისაუბრა საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ასევე, გიორგი ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.
 
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა პატივი მიაგო თურქეთში  ქართველი კულტურული მოღვაწის, აჰმეთ ოზქან მელაშვილის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო მისი საფლავი.