თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

26.11.2018 თურქეთი- ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ გაფართოებული შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ძირითადი ასპექტები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში. საქართველოს საელჩომ გამოხატა მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და  ჩაერთოს ორმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.
 
ამასთან, შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მსგავსი შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, როგორც საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებთან.