თურქეთში საქართველოს ელჩმა “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა

11.02.2019 თურქეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენრალური კონსული ინგა კიკვაძე ქ. საქარიას ეწვივნენ. ვიზიტს ფრგლებში  ქართველმა დიპლომატებმა “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი კურსისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცეს.

სახელმძღვანელოების გადაცემის შემდეგ, ქართველი დიპლომატები გაესაუბრნენ ქართულ-ლაზური ენების შემსწავლელი კურსის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ამასთან, გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში.

ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა.გიორგი ჯანჯღავამ ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში  დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას გააჩნია  საზღვარგარეთ ქართული დიასპორის  და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად.
 
თავის მხრივ,  “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციის” ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისათვის და გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა  საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.