თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

25.05.2019 აშხაბადი - თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ აშხაბადში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩარი გილიჯოვმა.

სიტყვით გამოსვლისას, მამუკა მურჯიკნელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიულ მონაპოვარზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და მის ევროპულ არჩევანზე, ასევე საქართველო-თურქმენეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე.

თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ თურქმენეთის პრეზიდენტისა და მთავრობის სახელით ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მაღალი შეფასება მისცა აშხაბადში 20-21 მაისს ჩატარებულ საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, ისაუბრა თურქმენული მხარის მიერ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობაზე და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაში მონაწილეობისათვის.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო- ვიდეო მასალის ჩვენება.

საზეიმო მიღება მუსიკალურად გაფორმდა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ მიერ, რომლის წევრებმაც შეასრულეს საქართველოს და თურქმენეთის ეროვნული ჰიმნები, ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერები და ეროვნული ცეკვები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქმენეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქმიანი წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ 21 მაისს, ქალაქ აშხაბადში, კინო-საკონცერტო ცენტრ „ვატანში“ გაიმართა ანსამბლ „რუსთავის“ და თურქმენეთის კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელთა ერთობლივი კონცერტი, რომელიც ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მიეძღვნა.