თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო სამზარეულოების საერთაშორისო ფესტივალში

20.04.2019 თურქმენეთი- თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო აშხაბადის საერთაშორისო სკოლის (Quality Schools International - QSI) ტერიტორიაზე მოწყობილ სამზარეულოების ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალში (International Food Festival).
 
ღონისძიებაზე საკუთარი საგამოფენო კუთხით წარსდგნენ აშხაბადის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეთა ოჯახები, თურქმენეთში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიები, საქმიანი წრეები და სხვადასხვა დაწესებულებები.
 
საქართველოს კუთხეში საელჩოს მიერ გამოფენილი იქნა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიის, ისტორიის, რელიგიის, დამწერლობის, კულტურის, ტურისტული შესაძლებლობების, მეღვინეობისა და გასტრონომიის ამსახველი ფოტომასალა და ატრიბუტიკა.
 
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნათ ქართული სამზარეულოს კერძები, ასევე ქართული ღვინო, მინერალური წყალი და გამაგრილებელი სასმელები.