უელსში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილმა კარდიფში შეხვედრები გამართა

22.06.2017 კარდიფი - ​დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა  ქ. კარდიფში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა  უელსის პირველ მინისტრთან, კარვინ ჯონსთან, უელსის ხელისუფლებისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან. 

უელსის პირველ მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უელსს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ელჩმა პირველი მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, კარვინ ჯონსმა  საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 18 ნოემბერს უელსსა და საქართველოს შორის რაგბის მატჩის დღეს უელსში ქართული ღვინის დეგუსტაციის გამართვის შესაძლებლობა.
 
კარდიფში ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ასევე შეხვდა უელსის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს ენ ჯონსს და ასამბლეის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერს ელ დევისს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უელსის პარლამენტებს შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. ენ ჯონსის განცხადებით უელსის ეროვნული ასამბლეა ცდილობს, გააფართოვოს საერთაშორისო კავშირები და სურვილი აქვთ, განიხილონ უელსის ეროვნული ასამბლეისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება.
 
უელსის განათლების საკითხებზე დეპარტამენტის დირექტორთან ჰიუ მორისთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, კერძოდ - უელსისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ახლო კავშირის დამყარებასა და გაცვლით პროგრამებზე.
 
შეხვედრები გაიმართა ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ვაჭრობის საკითხებზე დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრისას  საქართველოს ელჩმა უელსის "სავაჭრო მისია" საქართველოში მოიწვია. შეხვედრა გაიმართა ასევე უელსის სავაჭრო პალატის დირექტორთან ჰეზერ მაიერსთან და ცალკეული კომპანიების წარმომადგენლებთან. ელჩმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე,  საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებზე და ქვეყნის წამყვან პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კარდიფის უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებთან ერასმუსისა და სხვა გაცვლითი პროგრამების მეშვეობით 2012 წლიდან თანამშრომლობს - კერძოდ, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის, აკაკი წერეთლის სახელობისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, უნივერსიტეტი გეგმავს წარმომადგენლობის გახსნას საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღნიშნული პროგრამების წარმატებასა და ახალი ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობას. პროფესორმა ლუფტმა უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩი მიიწვიეს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის Ambassadorial Lecture Series ფარგლებში საქართველოს მიღწევების შესახებ ლექციის წასაკითხად.