უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას - “საქართველოს დღე” - უმასპინძლა

2018 წლის 1 ნოემბერს ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას - “საქართველოს დღე” - უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა სათაურით “საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921; მაშინ და ახლა”.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულეფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის, როგორც დემოკრატიის უნიკალური ექსპერიმენტისა და პირველი ევროპული სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მის როლს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვთ მიმართეს ასევე სემინარის ფორმატის დამაარსებელმა და თანა-ორგანიზატორმა თამარ დრაგაძემ და უესტმინტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა პიტერ ბონფილდმა, ენდრიუ ლინსმა და ჯონ მარფიმ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქას და თანამედროვე ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებს შორის პარალელებზე ისაუბრეს: ბრიტანელმა პარლამენტარმა ჯონათან ჯანოღლიმ, ჟურნალისტმა და მწერალმა ერიკ ლიმ, საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გიორგი კობახიძემ, ბოდლეის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთ განყოფილების ხელმძღვანელმა და მარჯერი უორდროპის ფონდის თავმჯდომარემ ჯილიან ევისონმა, უესტმინსტერის უნივერსიტეტის ლექტორებმა, ნინო ფორაქიშვილმა და პიტერ ლიდიარდმა. ქართული ენისა და კინემატოგრაფიის პოპულარიზაციის კუთხით გაწეულ საქმოანობაზე ისაუბრეს ლონდონის ქართული ფილმების ფესტივალის დირექტორმა ჯეისონ ოსბორნმა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წევრმა ქეთი კალანდაძემ.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე ისაუბრა ლონდონში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მამა გიორგი ტრაპაიძემ.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი “დამოუკიდებლობის ქრონიკები”. კონფერენციაზე საქართელოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იყო ფოტო- გამოფენა, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებს, მნიშვნელოვან ინიციატივებსა და პიროვნებებს ასახავს.

„საქართველოს დღე“ ტრადიციული ფორმატია, რომლის ფარგლებშიც უესტმინსტერის უნივერსიტეტი ყოველწლიურად, ნოემბრის თვეში სხვადასხვა აქტუალურ თემაზე კონფერენციას მასპინძლობს. წელს კონფერენცია 31-ჯერ ჩატარდა.