უფრო ეფექტიანი ზომები უნდა ტარდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ ოკუპაციის პირობებშიც - დავით ზალკალიანი

26.09.2018 ნიუ-იორკი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში  გაეროს ინსტრუმენტების შესრულების აუცილებლობას დაეთმო, მინისტრმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის პირობებში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებს სერიოზული საფრთხე ემუქრება და  იქ  ქართული ისტორიული კვალის მიზანმიმართული წაშლა მიმდინარეობს, რაც ძეგლებს თავიანთ პირვანდელ იერსახეს და შინაარსობრივ არსს აკარგვინებს. მათ შორის დასახელდა წებელდას მონასტრის ვანდალური განადგურების ფაქტი,  რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით დაანგრიეს.  მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტებით ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი მუდმივად დგას საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში, როგორც იუნესკოსთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. საქართველოს მთავრობა  ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და აღნიშნულ საკითხში მისი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და ყველა საშუალებას მიმართავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  საერთაშორისო მისიების მივლინების უზრუნველსაყოფად. 

აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვის მიმართულებით პროგრესის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების სათანადო ჩართულობითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საგანგაშო ვითარება არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების შეშფოთებას უნდა იწვევდეს და უფრო ეფექტიანი ზომები უნდა ტარდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ ოკუპაციის პირობებშიც.

მინისტრის განცხადებით საქართველო წარმატებით ახორციელებს კულტურის სფეროში იუნესკოს კონვენციებს, მათ შორის, „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ ჰააგის კონვენციის  და აქტიურად ეწევა ორგანიზაციის ღირებულებათა პოპულარიზაციას.