უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

22.04.2017 თბილისი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი  საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს დავით ვანიშვილს, მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ.

პავლო კლიმკინის განცხადებით , უკრაინას და საქართველოს აქვს საერთო გამოწვევები და ღირებულებები, ისეთი, როგორიც არის ევროინტეგრაცია, მათი საერთო პრობლემა კი რუსეთია და ერთად უნდა იბრძოლონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. „ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა ძალიან მძიმე განცდაა. მაქვს იგივე ემოცია, რაც მქონდა დონბასში ჩასვლისას, გამყოფ ხაზთან რომ ვიმყოფებოდი.   რადგან დონბასიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სიმბოლურია, რომ სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, არის მავთულხლართები. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, უკრაინაში, ყოველ დღე ისვრიან, იღუპება ხალხი, ჩვენი გმირები. მე მინდა  ღრმა მწუხარება და განსაკუთრებული  პატივისცემა, სოლიდარობა  გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძოდა  რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,  საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.  ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა,  ეს სრულიად შეუფასებელია და ადამიანის გრძნობებს ეხება. ეს ეხება იმას, როგორი იქნება დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ჩვენ ზუსტად ისეთივე ღირებულებები, მიზნები და მისწრაფებები გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია და ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრობა. მაგრამ ჩვენ მსგავსი გამოწვევები და საფრთხეებიც გვაქვს და ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ ბატონისთვის ხელის ჩამორთმევა. ვიგრძენი, რომ პირველად შევეხე რუსული ოკუპაციის რეჟიმსა და ამ რეჟიმის ტყვეს, რომელიც ასე მტკივნეულად იტანჯება. ჩემი ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა კონტაქტები არ ეხება მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკას, ეს არის ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ხალხი. ჩვენ ერთად ვიბრძვით და ასე უნდა გავაგრძელოთ-განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა .

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პატივი მიაგო  და გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.