უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

4.09.2019 ქ. თბილისი- „უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი  უაღრესად მნიშვნელოვანი და  სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის,  ვიზიტის შედეგად დაიგეგმება თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრეზიდენტის  დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში განაცხადა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, უნგრეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია.
„უნგრეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, აქტიურად გვიჭერს მხარს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. არის საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან აქტიური დამცველი და მხარდამჭერი”-  განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისი განცხადებით,  ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც საუბარი შეეხება ორმხრივ თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკური, თავდაცვის და სხვა მიმართულებებით. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.
პრეზიდენტს ასევე შეხვედრა ექნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
იანოშ ადერი აგრეთვე ეწვევა საოკუპაციო ხაზს.