უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“

21.03.2019 უნგრეთი- ბუდაპეშტში მოქმედ უკრაინის კულტურისა და დოკუმენტაციის ცენტრში, უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“.
 
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილება მიიღეს უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა  ზაალ გოგსაძემ და ლიუბოვ ნეპოპმა და უნგრეთისა და უკრაინის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კრისტიან იოიარტმა (სტრატეგიისა და თავდაცვის სწავლების ცენტრი-უნგრეთი),  სერგი გერასიმჩუკმა (საგარეო პოლიტიკის საბჭო „Ukrainian Prism”-უკრაინა) და მარინა ვოროტნიუკმა (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სწავლების ცენტრი - უკრაინა).

საქართველოს მხრიდან შესაბამისი მოხსენება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ გააკეთა.
 
ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციაზე.  ისაუბრა ქართული მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვა ხალხთაშორისი კონტაქტების აღდგენისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.
 
უკრაინის ელჩის ლიუბოვ ნეპოპის განცხადებით, თავის დროზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე, რამაც საბოლოო ჯამში, უკრაინაზე თავდასხმა განაპირობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური წრეების, სამეცნიერო-ანალიტიკური კვლევითი ცენტრების,   დიპლომატიური კორპუსისა და მას მედიის წარმომადგენლები.