უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხებზე თემატური შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 9 ნოემბერს ქართულ ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ტექნო-პარკში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის დელეგაციას შორის. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ბრიტანული მხრიდან კი -  დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი, რუპერტ ეინლი.
 
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც ძირითად გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდაზე.
 
შეხვედრაზე ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა ასევე განიხილეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, შეაფასეს წარმატებული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და  იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე ეკონომიკურ  ჭრილში.  დადებითად შეფასდა ბრიტანული ინვესტიციების ზრდის ტენდენცია საქართველოში და დასახული იქნა სამომავლო მიზნები:  

„ მოხარული ვარ, რომ ვესწრები საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრას. დღეს, ეკონომიკური პანელის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე გავამახვილეთ ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ეს კავშირები სწრაფად იზრდება. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სავაჭრო ურთიერთობების  მიმართულებით, ასევე ვაძლიერებთ თანამშრომლობას  ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ურბანული დაგეგმარების და ფინანსური მომსახურების სფეროებში, სადაც გაერთიანებულ სამეფოს დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში უფრო და უფრო წინ მიიწევს, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების  მოზიდვას საქართველოში,“- განაცხადა პანელის შეფასებისას რუპერტ ენლიმ.

აღსანიშნავია, რომ “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატია, რომელიც თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. დიალოგის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური  ჯგუფების შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე.